უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, შესაძლოა, მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. მედია აღნიშნავს, რომ ორბანი უკრაინელ კოლეგას შეხვდება, რათა ნაბიჯი გადაიდგას კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 27-28 ივნისს ბრიუსელში გაიმართა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა სიგნალი გაეგზავნა უკრაინის მიმართ დამოკიდებულების ცვლილების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დააანონსა.
ოფიციალური მიზეზი, რომელიც მან გააჟღერა, იყო ის, რომ 1-ელ ივლისიდან უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება. მაგრამ, როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, უნგრეთის ოფიციალური პირები ამ შეხვედრის შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ.
„ევროპეისკა პრავდა“ წერს, რომ ორბანი პარტნიორების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებმაც დაარწმუნეს ის, რომ მისი საჯარო კონფლიქტი უკრაინასთან გაჭიანურდა და ის უნდა დასრულებულიყო. კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაარწმუნეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.