ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთი სასწაული მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, გვინდა რევანშის აღება" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე ჟურნალისტებს განუცხადა.
„განწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია ალბათ, იმიტომ, რომ რთულ მეტოქეს ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, კონცენტრაციაც და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით 100 პროცენტით და რთული თამაში იქნება, რა თქმა უნდა, ვიცით. ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთი სასწაული მოვახდინოთ.
რა თქმა უნდა, გვინდა რევანშის აღება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაწყნარებულად და დამშვიდებულად, მეტი კონცენტრაციით და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ თამაშზე,“ - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
რაც შეეხება განვლილ თამაშებს და ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, ასევე მის კარგ თამაშს, მამარდაშვილი ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
„რომ გითხრათ ველოდით თქო, რთული სათქმელია, მაგრამ ყოველდღიურად დიდი ხანია ვმუშაობ იმისთვის, რომ მეთამაშა მაღალ დონეზე ეს ტურნირი და ბედნიერი ვარ თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში“ - ამბობს მამარდაშვილი.
შეკითხვაზე რა ემოციები ჰქონდა პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ? - მამარდაშვილის თქმით, ის გასახდელ ოთახში არც გასულა, რადგან თამაშის შემდეგ ის პირდაპირ დოპინგზე შეამოწმეს.
გასახდელში რა ხდებოდა არ ვიცი, იმიტომ, რომ სტადიონიდან ეგრევე დოპინგზე შემაგდეს. მაგრამ თბილისში ვიდეოები ვნახე, რაც ხდებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ქართველი ერი ისევ გაერთიანდა და კიდევ ერთი სიხარული ვაჩუქეთ მათ,“ - ამბობს მამარდაშვილი.
მამარადაშვილის თქმით, გუნდი ყველაფერს ეცდება გამარჯვებისთვის.
„ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ და სულ ყოველთვის ვიბრძოლებთ სანამ ერთი პროცენტი მაინც იქნება დარჩენილი იმის, რომ გავიდეთ, ყოველთვის ვიბრძოლებთ და იმის გამო, რომ გავიმარჯვოთ, ყველაფერს გავაკეთებთ. ასე, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ თამაშში,“ - ამბობს მამარდაშვილი.
ესპანეთის ნაკრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ, ის ყველაზე კარგი გუნდია თავისი მაღალი დონის შემსრულებლებით.
„ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირის და ყველაზე კარგი გუნდია თავისი მაღალი დონის შემსრულებლებით, ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრ მათგანს პირადად ვეთამაშე, მაქვს გამოცდილება მათთან თამაშის და ვეცდები, რომ კარგად ვითამაშო და ვერ გაიტანონ გოლი,“ - თქვა ეროცნული ნაკრების მეკარემ.