საფრანგეთის ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონმა „მონაკომ“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ, გიორგი მიქაუტაძესტან პირადი კონტრაქტის პირობებზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, მიმდინარეობს მოლაპარაკება „მონაკოსა“ და „მეცს“ შორის, რათა ტრანსფერი ევრო 2024-ის დასრულებამდე ოფიციალურად გაფორმდეს – ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
“მონაკომ ქართველ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესთან პირად კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. მონაკომ წინადადებით მიმართა მეცსაც, რათა შეუთანხმდეს ფასზე და დაასწროს სხვა კლუბებს… რათა კონტრაქტი ევროს დასრულებამდე გააფორმოს”, - წერს რომანო.
გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო, მაგრამ ამსტერდამულ კლუბში კარიერა ვერ აეწყო და ზამთრში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მეცმა“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მომავალ წელს ლიგა 2-ში ითამაშებს.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ღირსებას 2021 წლის მარტიდან იცავს და მისი მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლს და 2 საგოლე პასს ითვლის. ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი ევრო 2024-ის 1/8-ფინალში ექნება. 30 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი კიოლნში ესპანეთს დაუპირისპირდება.