აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ამერიკის ყოფილ ლიდერ დონალდ ტრამპთან გამართულ ტელედებატებზე, ოპონენტს "ლაწირაკი და ლუზერი" უწოდა.
“ჩემმა შვილმა ერთი წელი გაატარა ერაყში. ახლახან ვიყავი საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავზე და ვისაუბრე ყველა იმ გმირზე, რომელიც დაიღუპა. ვინახულე მეორე და პირველ მსოფლიო ომებში დაღუპულთა საფლავები, სადაც მან {ტრამპმა} უარი თქვა წასვლაზე, ის იდგა ოთხვარსკვლავიანი გენერლის გვერდით და უთხრა მას – „მე არ მინდა იქ წასვლა, რადგან ისინი არიან ლუზერები და ლაწირაკები“. ჩემი შვილი არ იყო ლუზერი, ის არ იყო ლაწირაკი. შენ ხარ ლაწირაკი. შენ ხარ ლუზერი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
2020 წელს გამოცემა „ატლანტიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტრამპმა უარი თქვა საფრანგეთში ამერიკელი სამხედროების საფლავის მონახულებაზე და თქვა, რომ ის სავსეა „ლუზერებით“ და „ლაწირაკებით“.
დებატებისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოცემის მიერ მოყვანილი ციტატა იყო გამოგონილი
„მათ ეს გამოიგონეს. ეს იყო მესამეხარისხოვანი ჟურნალი, რომელიც წარუმატებლობას განიცდის, როგორც ბევრი ამ გამოცემებს შორის. მან ეს მოიგონა. მან ეს რეკლამაში ჩასვა. ჩვენ გვყავდა 19 ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ მე ეს არ მითქვამს. არავის უზრუნია ჩვენს სამხედროებზე იმაზე უკეთესად, ვიდრე მე“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ბაიდენმა ბოდიში უნდა მოიხადოს.