საქართველო-პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო მედია ეხმიანება. საერთაშორისო კომენტატორები განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოარჩევენ.
მსოფლიოს ცნობილი გამოცემები ჩვენი ნაკრების ორგანიზებულ თამაშს და თავდადებას აღნიშნავენ და წერენ, რომ ყველა პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.
„ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითაც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეიოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს The New York Times
"გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში" - წერს CNN
„ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე“, – წერს The Guardian.
"საქართველომ გააოგნა პორტუგალია... კრიშტიანო რონალდოს უგოლო სერია გრძელდება. 28-ე წუთზე მას ყვითელი ბარათიც აჩვენეს" - წერს independent
"დებიუტანტებმა გააოცეს რონალდო და მისი თანაგუნდელები პირველი დიდი ტურნირის მოგებით …ევროზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდისთის მხოლოდ აქ მოხვედრა საკმარისი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება შაბათს ესპანეთის წინააღმდეგ, ვილი სანიოლი და მისი ბიჭები გმირებად დარჩებიან", - წერს dailymail.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. ჩვენი ნაკრები ესპანეთს 30 ივნისს დაუპირისპირდება.