ხვალ, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი საქართველო-პორტუგალიის მატჩით დასრულდება. ვილი სანიოლის გუნდი პლეი ოფში გასასვლელად პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ფრანგ სპეციალისტთან ერთად დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ შეხვედრაზე ილაპარაკა.
“ახლა პორტუგალიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული. შეიძლება წინა ორ შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით. ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები დასანანია, არ გაგვიმართლა. თურქეთთან შეგვეძლო ფრე გვეთამაშა, ჩეხეთთან მოგვეგო და მეტი ქულა აგვეღო ამ ორ შეხვედრაში. დავრწმუნდით, რომ ყველასთან თამაში შეიძლება. ეს გამოცდილება გაგვაძლიერებს, ყოველ წუთს შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ თამაშში გარდატეხა შევიტანოთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომენტები გამოვიყენოთ.
რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე პორტუგალია, რადგან ჯგუფიდან ისინი უკვე გავიდნენ.
პორტუგალიას ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ვაფასებთ მეტოქეს და იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბევრ კარგ გუნდთან გვითამაშია, მოგვიგია კიდევაც, სხვა შედეგიც ყოფილა, მაგრამ იმის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რომ ჩვენთვის ფეხბურთელების გვარებს და სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, თითოეულ თამაშზე მოსაგებად გავდივართ, ჩეხეთთან და თურქეთთანაც. ვეცდებით, რომ ხვალაც მაქსიმუმი გავაკეთოთ, ვიცით, რა ამოცანა გვაქვს და ხვალ საქართველო მოედანზე მოსაგებად გავა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს პორტუგალიის ნაკრებში”, – განაცხადა კვარაცხელიამ.