გადამწყვეტ მატჩამდე ცოტა დრო რჩება. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება, რომელსაც პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს.
ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მნიშვნელოვან და ისტორიულ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მან ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია. ის მოედანზე თურქეთთან შემოვიდა, ჩეხეთთან კი სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც შორს ვარ. მინდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღო, მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით.
ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს, ექვსი-შვიდი თვის წინ ბევრი ადამიანი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დავტოვე და ბუდუს ძირითადი შემადგენლობიდან დავაწყებინე. ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად ბევრს მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამის მიღება აღარ შემიძლია. მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ და ეს ყველასთვის ნათელია. ვინ ითამაშებს და ვინ – არა, მე ვწყვეტ. სულ ეს არის. ბოდიში ასეთი ტონისთვის, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამის გამო ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.