ისრაელის შეტევამ ლიბანში შესაძლოა გაზარდოს უფრო ფართო კონფლიქტის რისკი, რომელშიც ჩაერთვება ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლას“ არსებობას საფრთხე დაემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა.
ბრაუნს ისრაელის შემდეგი ნაბიჯების პროგნოზირებაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ხაზი გაუსვა ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ გააფრთხილა, რომ ლიბანის წინააღმდეგ შეტევამ „შესაძლოა გაზარდოს უფრო ფართო კონფლიქტის პოტენციალი“.
„ჰეზბოლა ჰამასს აღემატება საერთო შესაძლებლობებით, რაკეტების რაოდენობით და ა.შ. მე ვიტყოდი, რომ ირანი უფრო მზად იქნება ჰეზბოლას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს.
ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის გაფართოება რეგიონში და ისრაელი შეაშფოთოს არა მხოლოდ იმაზე, რაც ხდება ქვეყნის სამხრეთში, არამედ იმაზეც, რაც მოხდება ჩრდილოეთში“, - განუცხადა ბრაუნმა ჟურნალისტებს.
ბრაუნის კომენტარი გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ბრძოლის ინტენსიური ფაზის დასრულების მოახლოება საშუალებას მისცემს ისრაელს მეტი ძალები განათავსოს ლიბანის საზღვართან.