სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთი გულწრფელად არის დაინტერესებული ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებით.
"სომხეთი მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის გზას", - ნათქვამია განცხადებაში.
"დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პალესტინელებისა და ისრაელის ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზება", - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთი გახდა გაეროს წევრი 148-ე ქვეყანა, რომელმაც აღიარა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
მაისის ბოლოს ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადეს. ისრაელმა მკაცრად დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას "ჯილდო ტერორიზმისთვის" უწოდა.