სამხრეთ კორეა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჩან ჰო ჯინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”მთავრობა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას და გმობს შეთანხმების გაფორმებას”, - განაცხადა ჩანმა. მისი თქმით, ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებას, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა.
სამხრეთ კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. თუმცა, სეული უკრაინას იარაღს არ აწვდის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აფასებს ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. არაერთმა მსოფლიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის ჭურვები შეიძლება გაგზავნილიყო შეერთებულ შტატებში, რათა ვაშინგტონს, თავის მხრივ, ჭურვები უკრაინისთვის მიეწოდებინა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა მედიას არ დაუდასტურა მიწოდების საკითხის განხილვა, თუმცა არც უარყო. როგორც სამხრეთ კორეულ მედიას წყარომ განუცხადა, სეული ამ საკითხზე ღია კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. „კონკრეტული ზომები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ჩვენ არ გვინდა წინასწარ გავაჟღეროთ გეგმები, ჩვენ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია", - განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას აგრესიის შემთხვევაში.