როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და მინიმუმ ერთხელ დიდ სანაკრებო ტურნირზე გასვლა იყო. მე ძალიან გრძელი კარიერა მქონდა და 36 წლის ასაკში, ვფიქრობდი, რომ სანაკრებო კარიერა დამესრულებინა. ბოლო შეხვედრებში ჩემი ოცნება ახდა. - ამის შესახებ ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროპის ამ ისტორიულ ჩემპიონატზე კაშიამ ვრცლად ილაპარაკა.
"ამას მართლა ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ამავდროულად, ვიცოდი, რომ ამას ვიმსახურებდი და ჩვენ ყველა ვიმსახურებდით. წარმოიდგინეთ, როცა შენი კარიერის ყველაზე დიდ მიზანს მიაღწევ, მაშინ ზუსტად ეს ვიგრძენი", - თქვა კაშიამ.
BBC: მოდი, ვილაპარაკოთ იმ ღამეზე, როცა ეს ყველაფერი მოხდა და საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხეთ. სტადიონი სავსე იყო, ატმოსფერო ტელევიზორიდან შესანიშნავი ჩანდა. საბერძნეთი მაქამდე დამარცხებული არასდროს გყავდათ და მატჩი თითქმის შუაღამისას მორჩა.
კაშია: ფანების და ყველა ადამიანის ემოციებს იგრძნობდი. ხანდახან, სიჩუმე იყო და მერე ხვდებოდი, როგორ ნერვიულობდნენ. სტვენაც კი არ შეეძლოთ. გულშემატკივრობაც უჭირდათ, რადგან ძალიან ღელავდნენ. ეს შეხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ნამდვილად გადამწყვეტი იყო. ასეთი ემოციური გულშემატკივრები არასდროს მინახია. ბოლოში ძალიან დიდი დრამა იყო.
BBC: როგორი იყო იმ ღამით თბილისი? გეძინათ საერთოდ?
კაშია: არა, შემდეგი 3 ღამის განმავლობაში არა. 36 წლის ვარ, 120 წუთი ვითამაშე და გაუჩერებლად ვყვიროდი, ვცეკვავდი და ვფიქრობ, რომ ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი დავლიე. ჩვეულებრივ, მე არასდროს ვსვამ, რადგან ასეთი ადამიანი ვარ. მახსოვს, რამდენიმე ჩემი თანაგუნდელი, რომლებიც ბოლოს ერთად ჩემს სახლში აღმოვჩნდით. როცა დილის 8 საათზე გავიღვიძე, 5-6 მათგანს ჩემს სახლში ეძინა. გიჟური პერიოდი იყო და როცა გავიღვიძეთ, აღნიშვნა გავაგრძელეთ. რამდენიმე ინტერვიუ უნდა ჩამეწერა და სრულიად გამოფიტული და ნაბახუსევზე ვიყავი. საღამოს დალევა კიდევ გავაგრძელეთ და მაშინაც დილის 5 საათზე მივედი სახლში. შემდეგი სამი დღის განმავლობაში 4-5 საათი მეძინა.
BBC: ქართულ ფეხბურთზე ისე ვერ ვისაუბრებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ვახსენოთ. რამდენად არის მასზე ზეწოლა, როგორც გუნდის ვარსკვლავზე?
კაშია: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ნიჭი შესანიშნავია. რასაც ის ბურთით აკეთებს არანორმალურია. ხანდახან, ვარჯიშის დროს მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში მიწევს და ვიცი, რომ ეს წარმოუდგენელია. ვგრძნობ, რამდენად განსხვავებულია ყველასგან, ვისთანაც მითამაშია. წარმოუდგენელია, როგორ სწრაფად შეუძლია მოძრაობის მიმართულების შეცვლა, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოსდევს ზეწოლა, რადგან ეროვნულ გუნდში მასსა და სხვა მოთამაშეებს შორის სხვაობა დიდია და ყველა მისგან მოელის მატჩების მოგებას, რასაც აკეთებს, რადგან, თუ მის სტატისტიკას ნახავთ ეროვნულ გუნდში, როგორც მახსოვს, ჩვენი გოლების 70% მას აქვს გატანილი. როცა ბურთს ვიღებ, ყოველთვის მას ვეძებ. ახალგაზრდაა, მაგრამ იცის ზეწოლა როგორ დაძლიოს. იცის, რომ მთელი ქვეყანა მხრებზე ტვირთად აწევს და ზოგჯერ, შესაძლოა, მძიმეც იყოს, მაგრამ ამას ძალიან კარგად უმკლავდება. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გასახდელშიც ლიდერია. მახსოვს, საბერძნეთთან მატჩამდე მთელი გუნდი ერთად ვიყავით და თანაგუნდელებისთვის ბოლო სიტყვა ჰქონდა სათქმელი. ის ფეხბურთელებს ამხნევებდა და ისეთ სწორ რაღაცებს ამბობდა, რომ მოთამაშეებისათვის მოტივაცია მიეცა
BBC: თუ ჯგუფში მესამე ადგილზე გახვალთ, შანსი გექნებათ, რომ შემდეგ ეტაპზე გახვიდეთ. გაძლევთ თუ არა ეს დამატებით მოტივაციას?
კაშია: დიახ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორც გავაბედნიერეთ ჩვენი ქვეყანა კვალიფიკაციით და ვიცი, როგორ გავაბედნიერებთ ჩვენს ქვეყანას, თუ ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ერთი მოგებაც საკმარისი იქნება გასასვლელად.
BBC: რას ნიშნავს ხალხისთვის საქართველოს "დიდ სცენაზე" ყოფნა?
კაშია: როცა ხედავ ხალხს ქუჩებში ან ვიდეობში, რომლებიც გადაღებულია ბოლო პენალტის შესრულების დროს, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მათთვის. ტიროდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მთელი ღამე მღეროდნენ. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიცი, რამდენად ამაყები გავხადეთ ისინი.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი თამაში ჩეხეთთან, 22 ივნისს უწევს. შემდეგ ki საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს პორტუგალისთან, 26 ივნისს გამართავს.
europop