ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრას სააგენტო France-Presse ეხმიანება.
„თურქეთმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში საქართველოსთან 3:1 მოიგო და გულშემატკივართა არმია გაახარა.
19 წლის არდა გიულერს მადრიდის „რეალში“ გატარებულ პირველ სეზონში ტრავმების გამო ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს მატჩის მოგებაში დაეხმარა საქართველოსთან, რომელიც დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად თამაშობს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იქ შემთხვევით მოხვდა.
მას შემდეგ, რაც 25-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა, საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ქართველებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ არ გაუმართლათ – ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც მოხვდა, თურქეთის ნაკრები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში შეტევაში ბევრი ვერაფერი მოახერხა, 62-ე წუთზე კარგი შანსი მიიღო. საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ ქოჩორაშვილის დარტყმული ხარიხას მოხვდა. ვერც შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს შეტევაში მათი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ჩაერთო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო“. (პირველი არხის თარგმანი)