სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებას მთიან რეგიონებში სპეციალური სოფლების შექმნის იდეაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
საქართველოს პატრიარქი საშობა ეპისტოლეში რამდენიმე თვის წინ მის თუშეთსა და ხევსურეთში მოგზაურობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ, ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
"ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.
ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები", - ნათქვამია საქართველოს პარტიარქის ეპისტოლეში.