18 ივნისი დავით ყიფიანის დააბდების დღეა – ქართული ფეხბურთის ლეგენდას დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა.
ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (1976). 1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ.
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა ჩემპიონის ექვსი ტიტული, სამი თასი და ორი სუპერთასი. დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ავტოავარიაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ლეგენდარული „ათიანის“ სახელს ატარებს საქართველოს თასი და გურჯაანის სტადიონი, მაგრამ ეს ტიტულები სრულად ვერ ასახავს იმ როლს, რომელსაც დავით ყიფიანი საკუთარ ეპოქაში ასრულებდა.
1969 წელს თბილისის „დინამოში“ მიწვეული 18 წლის ბიჭი, სუსტი აღნაგობის გამო, მწვრთნელმა ამ სიტყვებით გაუშვა: „შენგან ფეხბურთელი არ გამოვა, წადი, „სკრიპკას“ მიხედეო“. ასეთი ირონიული შეფასება ბევრ 18 წლის ბიჭს გატეხდა. თუმცა, ყიფიანი საყვარელ საქმეს არ შეეშვა და საკუთარი ვარსკვლავი შექმნა. ერთი წელი ისევ თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა, საიდანაც კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. „დინამოს“ მაისურით 1971-1982 წლებში ითამაშა და გუნდთან ერთად ქართული ფეხბურთის ყველაზე სამაყო და წარმატებული ეპოქა შექმნა.