„ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქვეყნდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, შესაძლოა, ღირსების ორდენით დასაჯილდოვებელთა სიაში ვინმე გამორჩათ, თუმცა, შეცდომის აღიარებაა მთავარი.
„როდესაც ადამიანებს რაიმე ნიშნით დაყოფ, ვიღაცას აძლევ ორდენს და ვიღაცას არა, არასწორია. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს პრეზიდენტთან ყველა იმ ადამიანის ღირსების ორდენზე წარსადგენად, ვინც ამას იმსახურებდა. პრეზიდენტმა კი თავისი შეხედულებისამებრ, განკარგულებიდან გარკვეული ადამიანები ამოიღო და არ დააჯილდოვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი წარმატებისა და გამარჯვების მერე, არის მცდელობა, რომ დაყონ ადამიანები რაღაც ნიშნით.
ყველაფერი შესაძლებელია, ვიღაცას შეიძლება შეეშალა, თუმცა, ამის აღიარებაა მთავარი და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებებით, ვიღაცები დაადანაშაულო და ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირო. მსგავსი განცხადებები სამარცხვინოა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ვის გულისხმობს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, როდესაც ის ფეხბურთელების დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს, კახა კალაძის თქმით, ეს მისთვის გაუგებარია.
„გაუგებარია ვის გულისხმობს, თუმცა, ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც გამოქყვეყნდა. არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იმაში, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებები და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აქ მხოლოდ ფეხბურთელებზე არაა საუბარი. როდესაც ფეხბურთელები ჩამოდიან ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ყველანაირ პირობას უქმნის მათ, რომ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაზე იფიქრონ. ჩვენს დროს რომ იყო, ფორმასა და თვითმფრინავის ბილეთებს ჩვენით ვყიდულობდით, ახლა ასე არაა. ეს ყველაფერი კი ერთ დღეში არ მოსულა. ამას უამრავი შრომა დასჭირდა. ეს არის ყველას დამსახურება - ტექნიკური დირექტორიდან დაწყებული ფედერაციის პრეზიდენტით და ვიცე-პრეზიდენტებით დამთავრებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.