შურით გვისმენენ ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ გვაქვს ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
"სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის არის საკმაოდ ძლიერი, საშუალოდ 9%. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეროვნული ბანკისთვის, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ სტაბილურობაზე და ფასების სტაბილურობაზე, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ერთდროულად გვაქვს ჩვენ დაბალ ინფლაციასთან.
ეს არის საკმაოდ იშვიათი თანაწყობა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, საკმაოდ, პირდაპირ მინდა ვთქვა, შურით გვისმენენ ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ერთდროულად - ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, რომელიც 1%-ის ირგვლივ ტრიალებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.