სააგენტო Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთმა სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში შესაძლოა უახლოეს მომავალში გაგზავნოს. საფრანგეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადებს.
დიპლომატების განცხადებით, პარიზი იმედოვნებს, რომ ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს ქვეყნების კოალიციას, რომელიც ასეთ დახმარებას შესთავაზებს კიევს, მაშინ როცა მისი ზოგიერთი პარტნიორი შიშობს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან.
ორმა დიპლომატმა სააგენტოს განუცხადა, რომ საფრანგეთი ჯერ გაგზავნის შეზღუდული რაოდენობის პერსონალს მისიის მიზანშეწონილობის შესაფასებლად და შემდეგ რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს.
უწყების თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე.
პარიზი ასევე დააფინანსებს, შეიარააღებს და გაწვრთნის უკრაინულ მოტორიზებულ ბრიგადას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩასვლას 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში დესანტის გადასხმის მე-80 წლისთავზე გეგმავს.