სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ - ამასთან დაკავშირებით გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველო გასული წლის დეკემბრიდან კანდიდატი ქვეყანაა; ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის და შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილების შესაბამისად [და ყველა ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს] - თუმცა, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და იქამდე, სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ - ეს არის საქართველოს ამჟამინდელი სტატუსი“, - განაცხადა ფიშერმა.
მისი თქმით, „სახელმწიფოები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირს, ყოველთვის ახდენენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებას. სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა“.
„თუ გსურთ კავშირში შემოსვლა, მაგრამ ამავდროულად მას სულ აკრიტიკებთ და ამბობთ, რომ ის საშიშია, გლობალური ომის პარტიაა – და ეს არ არის ჩემი ტერმინი. მე არ მომწონს ეს ტერმინი. მგონია, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს – მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ჩვეული ურთიერთობები? ისევ ვართ პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები? ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია – ეს არის ჩვენი პოზიცია,“ – ამბობს პიტერ ფიშერი.