"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი ხელისუფლებას ვეტერანებზე "გამარჯვებას" ულოცავს.
"კვლავ გაიმარჯვეთ. ეს უკვე მერამდენედ. გამარჯვებას გილოცავთ. ალბათ, საკუთარ ხალხზე მიღწეული თუნდაც ეს მცირედი გამარჯვება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ", - ნათქვამია ყარყარაშვილის სპეციალურ განცხადებაში.
მისი განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მას "კეთილშობილების ზღაპრის არ სჯერა", აქციის დაწყებამდე მოშიმშილეები მისი უშედეგოდ დასრულების შესახებ გააფრთხილა, თუმცა ამ არ დაუჯერეს.
"ღარიბების "აჯანყების" მცდელობა დამარცხდა, უფრო სწორად მათი გასაჭირის თქვენამდე მოღწევის მცდელობა, მაგრამ სიღარიბე არ დამარცხებულა. პრობლემა პრობლემად დარჩა. ღორი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ არავიზე ფიქრობს და არავის ინდობს. ჭამა უყვარს, ჭამს ყველაფერს, ჭამს ყველას მაგივრად და ყველას ულუფას, ადამიანსაც ჭამს, მისგან შეჭმული ადამიანიც მინახავს, რამდენიმე ადამიანი, თითქოს შიმშილით დამშეული ხარბად რომ შეექცევა სახეს, ყელს, კისერს, ვიდრე ბოლომდე არ გაძღება, იმიტომაც ჰქვია ღორი. გაგრის ტყეებში ვნახე ეს. დღევანდელი დაპატიმრებულებიც იქ იყვნენ, ჩემ გვერდზე და დამემოწმებიან, რომ არ ვტყუი. სიკვდილამდე გამყვება ეს ნანახი. ადამიანიც ჭამს ადამიანს. რა გაეწყობა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვეტერანთა ერთ ჯგუფს აქციის ფორმა და ადგილი დაუწუნეს, ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლებას პატივს სცემს. ძალიან გამიჭირდა თავშეკავება. დიდი სურვილი გამიჩნდა ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენების, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაღატაკებულ, ალალმართალ ხალხს 400-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. მათ გაჭირვებულ ცხოვრებას ესღა აკლდა?! - აცხადებს ყარყარაშვილი.
"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელის განმარტებით, ის ერთი თვის განმავლობაში სამართლებრივი გზით შეეცდება "იხსნას თანამებრძოლები უსამართლო ხარკისგან".
"გამოვიჩენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და 10 იანვრიდან აუცილებლად შევხვდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მიმდინარეობს კონსულტაციები თანამებრძოლებთან, ვეტერანთა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პატრიოტულ ძალებთან, აზრსაც გავითვალისწინებ და რჩევასაც მივიღებ. ვიფიქრებ კიდევ და სინდისის კარნახით მივიღებ გადაწყვეტილებას", - ამბობს ყარყარაშვილი.