უნდა მოვამზადოთ რეფერენდუმი - შეაგროვეთ ხელმოწერები და მოიტანეთ ჩემთან, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია.
ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ეს ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა მოხმარდეს იმას, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს.
გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ. ახალი საქართელო, მომავლის საქართველო.
და მეორე მთავარი საქმე, თქვენ ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება. იმიტომ, რომ თვქენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა კიდევ, როგორც მინიმუმი, არის ის, რაც გადაწყეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი პარტნიორები - იმიტომ, რომ ზოგიერთმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის - ჩვენი მეგობრები, ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცეები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი.
26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდით, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.