„ქართული საზოგადოება ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დღესაც იცავს. 21-ე საუკუნეშიც აუცილებელი გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა. გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, კიდევ უფრო რთული ხდება სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას ახერხებს“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალ ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
„კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ევროკავშირმა ორი დემარში გადმოგვცა - პირველი შეეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლებას, მეორე - რუსეთთან ფრენების აღდგენას და სანქციებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი პარტნიორების ეს მოსაზრებები არ გავითვალისწინეთ შედეგად, სტრასბურის სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი სასჯელს კანონის სრული დაცვით იხდის და არც ქვეყნის ეკონომიკა განადგურებულა და არც საქართველოს ევროპულ კურსს შექმნია რაიმე საფრთხე“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე შეფასებით, დღეს ქვეყანას აქვს დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი.
„ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ზუსტად, ამ ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა არის განსხვავებული აზრი. ყოველი შეხვედრისას, ჩვენს მეგობრებს ვუხსნით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებს მშვიდობიანი ჩატარების უზრუნველყოფისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, 2020 წლიდან მოყოლებული, რევოლუციის ორი მცდელობა რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა, ქვეყანა კიდევ ერთ დაპირისპირებას და ომს ვერ გადაიტანდა.
„დეზინფორმაცია და აგრესია არის მთავარი არაევროპული ღირებულება. გამჭვირვალობა კი, თანამედროვე დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამათი ორმაგი სტანდარტი იმაშიც ჩანს, რომ „მონა.ჯის“ შემქმნელები გვესაუბრებიან იარლიყების მიწებებაზე თან მაშინ, როდესაც იღებენ დაფინანსებას რუსეთიდან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რომელმაც კანონთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონის მიღება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
„არ მისცეთ საშუალება დესტრუქციულ ჯგუფებს თავიანთი ბოროტი მიზნებისთვის გამოგიყენონ. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის მშენებლობა. როგორც სტრასბურგში სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, ზუსტად ასე, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.