საზოგადოებრივი მაუწყებელი ვეტერანების აქციასთან დაკავშირებულ ბრალდებას ეხმიანება.
"ვეტერანების პრობლემა აქციის დაწყების დღიდან საინფორმაციო გამოშვების თემა მუდმივად იყო. აქციის პარალელურად, ვაშუქებდით იმ მოვლენებსაც, რომელსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდა ამ პროცესთან, რომელშიც ვგულისხმობთ გარკვეული ოპოზიციური პარტიების, მათი ლიდერების მხარდაჭერას ვეტერანებისადმი, მათ მიმართვებსა და ბრიფინგებს, ოფიციალურ განცხადებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობას", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ პირველი არხის პარალელურად, იმავე თემას მუდმივად და უფრო ვრცლად აშუქებდა მეორე არხიც, სადაც პარტიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ თემაზე საუბრის უფრო მეტი დრო და საშუალება ჰქონდათ.
"აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ ბრალდებას ვეტერანების პრობლემის იგნორირებასთან დაკავშირებით, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაყურებლამდე დროულად და ობიექტურად მიტანა", - აღნიშნულია განცხადებაში და მასში ასევე განმარტებულია, რომ "ამ პრობლემებზე ერთადერთი თემა, რომელიც ეთერში კადრების უქონლობის გამო ვერ მოხვდა, იყო აქციის დაშლა 3 იანვარს სამართალდამცველების მხრიდან".
"აქციის დაშლის მასალა 4 იანვარს მოვიპოვეთ, რაზედაც მომზადდა ვრცელი რეპორტაჟი", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პირველი არხის ხელმძღვანელობამ განცხადებას თან დაურთო მაუწყებლისა და მეორე არხის მიერ აღნიშნული საკითხის გაშუქების პერიოდულობის ნუსხა.