გულრიფშის რაიონის პროკურატურამ არქეოლოგ გენადი ოგნევის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურა ავრცელებს.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ გაუჩინარებული ოგნევის ნარჩენები ჯერ კიდევ 23 დეკემბერს მდინარე კელასურის ზემო ნაწილში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იპოვა. ცხედრის ნარჩენებთან ნაპოვნი იქნა ოგნევის პირადი ნივთები - საბუთები, ბინოკლი, შაშხანა და სხვა.
"მთავარი სასამართლო ექსპერტის დასკვნის მიხედვით ოგნევს ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღენიშნება. მისი პირადი ნივთები და ნარჩენები ოჯახს გადაეცა. დაღუპული არქეოლოგი კრასნოდარში გადაასვენეს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 13 მარტს აფხაზეთის მთებში აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გენადი ოგნევი დაიკარგა. იგი დიდი აფხაზური კედლის ნარჩენებს მდინარე კელასურის სათავეებთან ეძებდა.
მასალის გამოყენების პირობები