საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას,"ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებას სთავაზობს.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ქარტია არ გულისხმობს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას, არამედ იმ პრინციპებზე შეთანხმებას, რომელის საქართველოს ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
"გადავწყვიტე, თქვენ წინაშე და ამ დღეს წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, თანხმობას და პირობის დადებას ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ სამოქმედო გეგმას, ამ ქართულ ქარტიას. ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.
სხვანაირი ერთობა და გეტყვით, რას ნიშნავს – ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, იმის შემდეგ, რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, როგორი იქნება საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია. ეს უკვე მე არ მეხება.
სხვანაირი არჩევნები – დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრიივ არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, თავისი სახე, პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს, ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ესეიგი, ევროპულ მომავალს.
ეს იქნება სხვანაირი პარლამენტი – ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რიკსებს, მათ შორის იმას, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.
სხვანაირი მთავრობა – ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.