უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის უფლების მიცემა საუკეთესო საშუალებაა რუსული იერიშებისგან თავის დასაცავად.
კულებას თქმით, რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეუძლია ნებისმიერი სიცრუის გავრცელება, მაგრამ მისი ქმედებები ყველაფერზე მეტყველებს.
„უკრაინის პარტნიორებს აქვთ ორი გზა მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. პირველი: მეტი Patriot-ისდა სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. მეორე: უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ვიდრე ისინი ბომბებს ჩამოყრიან ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.
მოგვეცით საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები და მხარი დაუჭირეთ უკრაინის დარტყმებს რუსეთში სამხედრო ობიექტებზე. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ," - განაცხადა კულებამ.
შაბათს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის სავაჭრო ცენტრს, დაიღუპა 2 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სავაჭრო ცენტრში შეიძლება 200-ზე მეტი ადამიანი ყოფილიყო.