თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა.
მილერის თქმით, თუ საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე.
“ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ”, - ამბობს მილერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.
სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს”, - განაცხადა მილერმა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ამ კანონის ამოქმედება, კონკრეტულად კი ვეტოს დაძლევის გზით - აუცილებლად მოახდენს გავლენას.
„თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, - თქვა მილერმა.