საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში გაემგზავრა.
ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ერთი კვირაა არეულობები გრძელდება.
„პრეზიდენტი გამართავს დიალოგს ახალი კალედონიის ყველა ძალასთან. ის მიფრინავს იქ დიალოგის აღსადგენად“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალიმ.
მაკრონი შეხვდება ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, პოლიტიკოსებს და საზოგადოების წარმომადგენლებს. ოფიციალური ინფორმაციით, განიხილავს დიალოგის დამყარებასა და წესრიგის აღდგენას.
ახალ კალედონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები არ ცხრება.
არეულობა არქიპელაგზე გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს, რომლებიც საფრანგეთის რეზიდენტებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს, რამაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უფრო მეტ ფრანგს ექნება. აღნიშნული ცვლილებების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს შესწორება ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის მარგინალიზაციას გამოიწვევს და საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას შეამცირებს.
ახალ კალედონიაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ღამით კომენდანტის საათი. ასევე, აკრძალულია საჯარო შეკრებები, ალკოჰოლის გაყიდვა და იარაღის ტარება.
ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მერის განცხადებით, ქალაქი ამბოხებულების ალყაშია. მისი თქმით, ამბოხებულებმა საჯარო დაწესებულებებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, წესრიგი ქალაქში ვერ მყარდება. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
მედიის ცნობით, საფრანგეთიდან კუნძულზე დამატებით 1000 ოფიცერი გაიგზავნა, რომლებიც ადგილზე მყოფ 1700-მდე სამხედროსთან ერთად შეეცდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ამასთან, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადეს, რომ ახალ კალედონიაში არეულობის გამო მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან.