POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.
POLITICO წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს კონგრესს სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ,ჯო უილსონი ორშაბათს წარუდგენს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომელსაც POLITICO გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება "მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით". ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი "ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
„დემოკრატიის დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც არსებითი პასუხისმგელობა გააჩნიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევასა და ძირის გამოთხრაში. კანონპროექტი მოიცავს სავიზო სანქციებს იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში". - აღნიშნავს გამოცემა.