ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა.
როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, უამინდობის გამო მაშველებს გაუჭირდათ შემთხვევის ადგილზე მისვლა. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომლებშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
მედიის ცნობით, რაისთან ერთად ბორტზე იმყოფებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და თავრიზში პარასკევის ლოცვის ლიდერი აიათოლა მოჰამად ალი ალ-ჰაშემი.
ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის.