რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.
სროლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები.
გიგა ოთხოზორია, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2023 წლის დეკემბწერში წლის თავზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა.
სასამართლომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
გიგა ოთხოზორიას ოჯახმა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.
ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" იცავდა. საჩივარი ევროსასამართლოში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან მალევე, 2018 წლის 11 იანვარს შევიდა.