რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა, რა არის? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, „მიუღებელია, როდესაც ეს ადამიანები გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან“.
„ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ. ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა ჩვენი გუნდიდან და მათთან გაიმართა დისკუსია. მგონი, შეხვდნენ ცალკე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ამ ყველაფრის შემდეგ ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ. რა ჰქვია ამას, თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა, რა არის. თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს, დიპლომატი – ეს დაუწერელი კანონია, ეს არის წითელი ხაზი, როცა გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი.
რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით? ეს არის უხეში ჩარევა, საერთოდ ყველაფრის დარღვევა და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე. მოეწონებოდათ, რომ ჩავიდეს ჩვენი გუნდის რომელიმე დეპუტატი, დეპუტატები და გამოვიდნენ მათი ოპოზიციის მიტინგზე, მოეწონებოდათ ამ ადამიანებს? გგონიათ, არაფერი აქვთ სათქმელი მათ ოპოზიციას, იქ, ქვეყნის შიგნით რა ხდება? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნების შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას?“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.