ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მიღებას და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, გადახედონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
"ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური აგენტების კანონის" მიღების გამო. ჩვენ უაღრესად იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და მის ევროპულ მომავალს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს თავისი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.
მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, რათა თავი შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს. აქციის მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალადობა ან მუდმივი დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, მიუღებელია.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების უმთავრესი პირობა. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას, მათ შორის ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებასაც.
ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას მყისიერი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს საგარეო აგენტების კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე", - ნათვამია განცხადებაში.