თეატრისა და კინოს ამერიკელ მსახიობს, მერილ სტრიპს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო "ოქროს პალმის რტო" გადაეცა.
ეს ჯილდო ტრადიციულად კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.
74 წლის მსახიობს ჯილდო ფრანგმა კოლეგამ ჟულიეტ ბინოშმა გადასცა.
ბოლო 35 წლის განმავლობაში მერილ სტრიპი პირველად გამოჩნდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მაისის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო, რომ საპატიო "ოქროს პალმის რტო" მერილ სტრიპს გადაეცემოდა.
გასული წლების განმავლობაში საპატიო "ოქროს პალმის რტო" კინემატოგრაფიაში გამორჩეული დამსახურებისთვის ჯოდი ფოსტერს, ჟანა მოროს, ჯეინ ფონდას, ჟან-პოლ ბელმონდოს, ბერნარდო ბერტოლუჩის, ალენ დელონს, ტომ კრუზს და სხვებს ერგოთ.
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა.
კანის კინოფესტივალის ჟიურის რეჟისორი გრეტა გერვიგი ხელმძღვანელობს. ის პირველი ამერიკელი ქალი კინორეჟისორია, რომელიც კანის ჟიურის ჩაუდგა სათავეში.