ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა, ის ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით, მობილიზებულად და, რომელიც არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის. ჩვენ, ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.