ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ყალბ, ხელოვნურ, მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა, ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში. ეს მცდელობა და ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა 30 დღის, პრაქტიკულად, ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, არ უღალატებს იმ სულისკვეთებას, რომელიც ქვეყანაშია.
"მე ძალიან გარკვეულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა", - თქვა ზურაბიშვილმა.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.