ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით დამტკიცებას.
პაუერის განცხადებით, კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხეს შეუქმნის საქართველოსა და USAID-ს შორის მრავალწლიან პარტნიორობას.
"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ასეთი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ კრიტიკულ სამუშაოს ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.
როგორც ევროკავშირმა ცხადყო, ამ კანონს აქვს პოტენციალი შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები - ის, რასაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას - პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მილიარდი დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ინტერესზე და დემოკრატიის საერთო ერთგულებაზე.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, საქართველოს მთავრობამ მოახდინოს თავისი ძალისხმევის ფოკუსირება ინიციატივებზე, რომლებიც პასუხობენ ქართველი ხალხის ყველაზე კრიტიკულ საჭიროებებს", - ნათქვამია განცხადებაში.