ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, მან გონებაც დაკარგა და დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში.
„ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული.
დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა.
რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახის არეში და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები, მაგრამ ამ ეტაპზე არის ექიმის მიერ ნახული”, – ამბობს ადვოკატი.
ლაზარე გრიგორიადისი დღეს, 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.