შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ ის კურსი, რომელზეც არის უნდა შეცვალოს. კიდევ ერთხელ, მე წარმომიდგენია, რომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, მეტი ექნება სათქმელი" - აცხადებს პატელი.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტის თქმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლი.
ჩვენთვის ცნობილია კანონის სტატუსის შესახებ და ვაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, ის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართველ ოფიციალურ პირებს და ამ ჩართულობის შემდეგ, მეტი სათქმელი ექნება", - თქვა პატელმა.
გარდა ამისა, პატელის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმის კურსშია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.
უწყების წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ, მსგავსი რამ, როგორიცაა ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს", - თქვა პატელმა.