ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.~
"დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება. ამისათვის საჭიროა, სასწრაფო წესით, დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ პროცესს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ.
ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია.
ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ, პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ, მორატორიუმს და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ურთიერთთავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ „ოცნების“ დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას. ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა.
მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ. წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს მომავალზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.