სახალხო დამცველი სამართალდამცველებს ვეტერანების მიმართ ძალის გადამეტებასა და კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.
"აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 2010 წლის 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობდა. 2010 წლის 24 დეკემბერს ვეტერანებმა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე აქციის მოწყობის შესახებ ქალაქ თბილისის მერიას აცნობეს. გარდა ამისა, ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. აქცია მიმდინარეობდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი, არ გადაუკეტავთ მოძრაობა და არ დაურღვევიათ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები", - ნათქვამია გიორგი ტუღუშის განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, არ დასტურდება აქციის მონაწილეთა მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა.
"საპატრულო პოლიციის აქციაზე მისვლის მომენტში აქციის მონაწილეები ისხდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, წარმოადგენდა არა წვრილმანი ხულიგნობის შეწყვეტა, რა საფუძვლითაც ისინი მოგვიანებით დააკავეს, არამედ აქციის შეწყვეტა, რომელიც თავისთავად უსაფუძვლო იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 იანვარს გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია საპატრულო პოლიციამ დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან: მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, ზაზა გერმანოზაშვილი, ლევან ასათიანი, ლევონ ასატრიანი, შოთა იამანიძე, ვალერიან ძებირაშვილი, შოთა ზღუდაძე, ლეონიდ ეხვაია, ილია ჩილოშვილი და სერგო დვალი.