ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიმ ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.
"ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ო'ბრაიენთან შეხვედრა უკვე შეთანხმებულია.
13 მაისს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის ჩამოაქვს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია "იმედის" ვებგვერდიდან წაიშალა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
"ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს", - თქვა კობახიძემ.