საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები მის გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
„არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატო-ა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება”. – თქვა ვედანტ პატელმა საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
მისივე თქმით, აქვთ ცნობები თბილისში დაკავებული 2 ამერიკელი მოქალაქის შესახებ.
„როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია”. – თქვა ვედანტ პატელმა.