"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გია ჭანტურია ვეტერანთა აქციის დარბევის არასათანადო გაშუქებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებს.
როგორც ჭანტურიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ფაქტი გუშინდელ 16:00 საათიან "მოამბეში" გადაიცა.
"16:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში "ლაივ-სინქრონი" გავიდა... ვეტერანების აქცია და მათთან დაკავშირებული ყველა მოვლენა შუქდება. ასე რომ, პრეტენზიებს ვერ მივიღებ", - განმარტა ჭანტურიამ.
ამასთან, მან მედიის წარმომადგენლებს უსაყვედურა და საკმაოდ მკაცრად გააფრთხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეიკავონ.
"მე არ ვერევი არც ერთი საინფორმაციო საშუალების სარედაქციო პოლიტიკაში. თქვენც ნუ ჩაერევით საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეებში", - მიმართა პირველი არხის გენდირექტორმა ჟურნალისტებს.