მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერი ეკა ბესელია ვეტერანების აქციის დარბევას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების გამოწვევად აფასებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს ბესელიამ განუცხადა, იგი აპირებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ყველა საერთაშორისო ორგანზიაციასა და დიპლომატიურ კორპუსს. მოძრაობის ლიდერს მიაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია.
"როგორც ჩანს, გუშინ ბათუმიდან ჩამოსულ სააკაშვილს გმირთა მოედანზე შეკრებილმა ვეტერანების აქციამ საახალწლო განწყობა გაუფუჭა, რადგან მათი დარბევის გადაწყვეიტლების მიღება გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო იყო. უკანონო იყო მოშიმშილე ვეტერანების დარბევა, დაკავება და მათი სასამართლოში გადაყვანა, მაშინ როდესაც ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს მათი პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედება არის აგონიური მოქმედება გათავხედებული რეჟიმის, რომელსაც არავითარი პატივისცემა და თვითკონტროლი არ გააჩნია საზოგადოების პროტესტთან მიმართებაში.
"მიმაჩნია, რომ ეს არის, ერთის მხრივ, უკანონო დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო, მეორეს მხრივ, საშიში გამოწვევა საზოგადოების, რომელსაც ხელისუფლება უკვე დიდი ხანია უპატივცემულოდ ექცევა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება და მათი Dჩართვა", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას ეკა ბესელიამ.