თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარი იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა და იგი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცოტა ხნით ადრე, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის მიმართ ბრალდების წარდგენის თაობაზე.
პროკურატურის ინფორმაციით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, უჩა აბაშიძეს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).
დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.