საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც გუშინ ვეტერანთა საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება გასცა.
აღნიშნული განცახადება ლორთქიფანიძემ დღეს ვეტერანების მხარდამჭერთა აქციაზე გააკეთა.
"მე თავად ვნახე ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს აქცია სანქცირებულ იყო. რადგან ვეტერანებმა მიმართეს თბილისის მერიას, აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით და მათგანაც მიიღეს პასუხი, რომ პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, რა ქმედებები არ უნდა განეხორციელებინათ",- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ვეტერანების მხრიდან კანონის დარღვევას აქციის დროს ადგილი არ ჰქონია. პირიქით, საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს სამართალდამცავებმა, რომლებმაც ვეტერანები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან ძალით დაშალეს.
"მოვითხოვ, მოხდეს იმ პირის დასჯა, ვინც აქციის დაშლის ბრძანება გასცა და საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა", - აცხადებს დეპუტატი.
ამ წუთებში აქციამ ვარაზისხევის მიმდებარედ გადაინაცვლა, რადგან მემორიალთან შეკრების უფლება აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა არ მისცეს.