წავიკითხე სენატორების, კონგრესმენების წერილი, ვნახე ჯეიკ სალივანის განცხადება, არ არის მოსაწონი, საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, მეტი ახსნა, პოზიციების მეტი დაახლოება და საბოლოო ჯამში, რაღაც გამოსავლის პოვნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან აუცილებელია მჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა, მაგიდასთან მოლაპარაკება, საჯაროდ მსგავსი თემების და მით უმეტეს, ნეგატიური თემების განხილვა, მისასალმებელი არ არის.
„წავიკითხე წერილიც, ვნახე სალივანის განცხადებაც და ეს არ არის მოსაწონი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და გავიმეორებ, საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, მეტი ახსნა გვჭირდება, პოზიციების მეტი დაახლოება და საბოლოო ჯამში, რაღაც გამოსავლის პოვნა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი, რომელიც დაასუსტებს. ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორია, მეგობარი სახელმწიფო და საჭიროა მათთან მუშაობა და დიალოგი. ვფიქრობ, დადგა დრო, სხვა ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობა. აუცილებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა, მაგიდასთან უნდა მოვილაპარაკოთ, საჯაროდ ასეთი თემების და მით უმეტეს, ნეგატიური თემების განხილვა არ არის მისასალმებელი. მე გავეცანი კონგრესმენების წერილს, მანამდე სენატორების წერილი იყო, არ არის ეს კარგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.