საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები "ქვეყნის სიმბოლიკებს" შეურაცხყოფდნენ.
"ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს ფორმა არ შეიძლება იყოს ზღვარგადასული, თან იმ ადგილას, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო. ბევრი ადამიანისთვის გმირთა მემორიალი ერთგვარი სალოცავი ადგილიც კი არის. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სიმბოლიკისადმი უდიერი დამოკიდებულება ნებისმიერ საზოგადობაში აღიქმება ქვეყნის შეურაცხყოფად", - განუცხადა მელიქიშვილმა ჟურნალისტებს სამართალდამცველების მიერ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების დარბევის საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, პროტესტის გამოხატვისთვის ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ხელი არასდროს შეუშლია, რისი ნათელი მაგალითიც თბილისში გამართული რამდენიმე თვიანი აქციებია.
"ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე მოსალაპარაკებლად და პრობლემის ამ გზით გადასაჭრელად", - განმარტა მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 იანვარს, პოლიციელებმა გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები დაარბიეს.