შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 29 წევრი დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან წერილით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე.
კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ.
წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ საზოგადოებას და 2009 წლის საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულ ქარტიას.
კონგრესმენების განცხადებით, ამ კანონის მიღება საფუძველს გამოაცლის საქართველოს მოქალაქეების ნებას, თავისი მომავალი დასავლეთში ჰქონდეს გარანტირებული.
კონგრესმენები ასევე აცხადებენ, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ამერიკულ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან და იგი რუსული კანონის მსგავსია.
ამერიკელი კანონმდებლები წერენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ფუნდამენტურად შეიცვლება.
"იმ შემთხვევაში, თუ ამ საზიანო კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ს ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება", - ნათქვამია წერილში.
წერილში ნათქვამია, რომ როგორც ბელარუსრში, ლუკაშენკოს ავტორიტარიზმის საპასუხოდ მიიღეს “ბელორუსში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი”, ისინი ასევე მიიღებენ ზომებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უპასუხონ.
ამასთან, კონგრესმენები გმობენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებსა და ძალადობას.