აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ადა მარშანიას თქმით, ქართველი ხალხი სააკაშვილის ფაშისტურ ხელისუფლებას იმსახურებს.
ამის შესახებ მარშანიამ ვეტერანების მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.
"გუშინ მოხდა ვანდალური ფაქტი, როდესაც ომის ვეტერანები ცინიკურად დაარბიეს. მაგრამ მე მაინტერსებს, სად არის ხალხი, სად არის თბილისის მოსახლეობა. როგორც ჩანს, მათ ყანწები დარჩათ დასალევი. ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ეს ხალხი ხელისუფლებაზე უარესია, თავისი გულგრილობით, რაც მოშიმშილე ვეტერანების მიმართ გამოიჩინეს", - აღნიშნა მარშანიამ.
მან პრეზიდენტს მიმართა და გააფრთხილა, რომ აფხაზეთიდან დევნილებს უფრთხილდეს. "სწორედ ეს ხალხი მოაშორებს მას ხელისუფლებიდან", -განაცხადა მარშანიამ.
ამ წუთებში ვეტერანების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები, რადგან მათ პოლიცია უფლებას არ აძლევს, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბონ.
აქციას საკრებულოს დეპუტატი ნათელა მაჭავარიანიც შეუერთდა.